New Project - თბილისი 2058
წავედი, დავიკარგე და ახალი პროექტით დავბრუნდი.
მაშასადამე, წარმოგიდგენთ მოთხრობების სერიას(ჰმ..!) სამუშაო სახელწოდებით “თბილისი 2058″. ე.წ. Soft Sci Fi-ის ილეთებით მოთხრობილი ამბები მომავლის თბილისზე, რომელიც 2028 წელს შექმნილი კავკასიის ფედერაციის დედაქალაქია.
ჩემს ქალაქში ნიკალა არ ცხოვრობს, სამაგიეროდ ათასი ჯურის ავანტურისტით არის სავსე, აქვეა მეგიტარე, მსუყე კონტრაქტებზე რომ უარი უთქვამს და “ჰარლემში”, ვისკის ხვრეპითა და ბარმენ კრისთან ყბედობით ირთობს თავს. ახალი სოციალური სტრუქტურა, წარსულიდან გამოხმობილი კასტური წყობილება, ტერორისტები, რომლებსაც ვერაფერი მოუხერხა “ცივილიზირებულმა მსოფლიომ”, მეამბოხე სტუდენტები, თბილისის პორტრეტის განუყრელი ნაწილი - რევოლუციონერები.
მომავლის თბილისი სიტიში გეტოც არის, რადგან მთელი მსოფლიოდან ჩამოხეტებული ემიგრანტთათვის გლდანი, თემქა და სხვა პრესტიჟული უბნები მიუწვდომელი სიამოვნებაა.
სერიის პირველი მოთხრობა ფაქტობრივად დასრულებულია. სანამ ტექსტი პოსტ ფროდაქშნ სტადიას გაივლის, შეგეძლებათ Sample Chapter წაიკითხოთ, რომელსაც ხვალ საღამოს (12,03,09) დავაგდებ.
მანამდე კი ვიფიქროთ სიზმრებზე რომლებიც აღარ გვესიზმრება.
სათამაშო მოედანსა და ბებია - ბაბუებზე
რაზ…რაზ…არის ხო კონტაქტი?
ხელოუ ენდ წელკომ თუ მაი სათამაშო მოდენაზე, ინგლისურად დაძახებული როგორც PLAYGROUND, დორბლიანი ბავშვების, ძვლებ დარბილებული ბებია-ბაბუებისა და ერთმანეთის ლოღვნას მონატრებული შეყვარებულის თავშეყრის ადგილი. ბავშვები, მოხუცები და შეყვარებუილები მშვენიერი კამპანიაა ახალი ვეშის დასაწყებად, ან უკვე დაწყებულის გასაგრძელებლად. ისე გამოდის თითქოს ცინგლ ჩამოწელილი ბავშვების ყურებაზე ვგიჟდებოდე, ან აზასავებული “მალადნიაკის” თვალთვალი მიღვიძებდეს ფანტაზიებს. არა, ეს უკანასკნელი შეიძლება არის კიდეც სასიამოვნო საყურებელი, მაგრამ მე სულ სხვა რამ მიზიდავს - სათამაშო მოედანი ექსპერიმენტატორების თავშესაყარია. მოხუცები - ღვაწლმოსილი ექსპერიმენტატორები ბოლო თაობის შედეგებით - პატარებით - ტკბებიან. შეყვარებულები მომავალი დიდი ექსპერიმენტებისთვის ემზადებიან და ლოღვნასა და ლოღვნას შორის მომავალ ლაბორატორიულ სამუშაოებზე იფიქრონ.
ნებისმიერი ვეშის წერა იგივე სათამაშო მოედანზე გასეირნებაა. სანამ ახალს შეუდგებოდე ძველებს გადაიკითხავ, ბებია - ბაბუების სიამაყე შეგიღიტინებს გულში. შემდეგ ფრაზებს წაეთამაშები. როგორც წესი პირველი - ორი აბზაცი, იქნებ გვერდიც, ძაღლად გაქცევს. ფრაზა თავს მოგაფერებინებს, მაგრამ არ “გაიხსნება”, ბოლოს კი თუ არ მოეშვები მოთვინიერდება და პატარ-პატარა გამოხდომების ანგარიშში არ ჩაგდებით, საქმეს მშვიდობიანად მიგაყვანინებს ბოლომდე.
ეს უკვე ბებია-ბაბუებთან დაბრუნებაა. რაღაცნაირად განადგურებული უყურებ შევსებულ ფურცლებს და არ იცი რა ბედი ეწევათ. ვიღაცა შეიყვარებს, ვიღაცა იტყვის მოგცლიაო. ავტორს სწყინს, უხარია, დროდადრო ავიწყდება კიდეც, შევსებული ფურცლები კი თავისით აგრძელებენ არსებობას, ავტორი სხვებისგან გებულობს მათ ამბავს და თუ რომელიმე წიგნის მაღაზიის თაროზე წააწყდა, ზუსტად ისე შეათვალიერებს, როგორც ბებია-ბაბუები ათვალიერებენ შვილჳშვილებს სათამაშო მოედანზე.
ერთი სიტყვით, მიხარია ჩემს სათამაშო მოედანზე რომ გხედატ. ერთად ვუყუროთ, როგორ ამოიზრდებიან მონახაზიდან სრულფასოვანი ტექსტები, რომლებმაც ვინძლო წიგნის მაღაზიის თაროებზეც მონახონ საკუთარი ადგილი
ლევან მროველი
